|
არაერთგზის თქმულა და დაწერილა, რომ მე-20 საუკუნე თვისობრივად ახალი საუკუნეა, სხვა წინამორბედ საუკუნეებთან შედარებით. თვით ზედაპირული დაკვირვებითაც ცხადია, რომ იგი, ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ახალი ერის გარიჟრარჟზე საუკუნის, ეპოქის სულმა ახალი, სრულიად განსხვავებული მოთხოვნები წამოუყენა ერებსა და ადამიანებს. შეიცვალა არა მარტოოდენ გარეგანი სახე ჩვენი ცივილიზაციისა, არამედ ინტელექტუალური რელიეფი, კულტურის სპეციფიკა, შეიცვალა არამარტო აზროვნებისა და მეცნიერული თუ მხატვრული ძიებების მიმართულება, შეიცვალა ჩვენი ფსიქიკა, აღმოცენდა ახალი გაგება მოქალაქეობრივი თუ ინტელექტუალური სინდისისა. უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა, რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოებრიობის თუ პიროვნების წინაშე.
|