სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები

ანუ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრებელია მიუთითებს იმასაც თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა - ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

მთავარი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო ეროვნული მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ეროვნული მოძრაობის უპირობოდ და საყოველთაოდ აღიარებული ლიდრების (ახლა რომ ქარიზმატიულებს უძახიან) - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებელ გზად გამოძებნილი იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებული სამართლებრივი ბზარის გამოყენება - რომელიც აღიარებდა და შესაძლებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა რესპუბლიკის გასვლის შესაძლებლობას. საბჭოთა კონსტიტუციაში არსებული ამ ბზარის გამოყენება შესაძლებელს ხდიდა ომისა და დიდი სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

მაგრამ, ამისათვის საჭირო იყო ყველაფერი საბჭოთა კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო. და, მართლაც, საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მოახერხა ქართველი ხალხის ისეთი დარაზმვა და ამ დარაზმულობს ისეთი მასშტაბოვანი დემონსტრირება უზარმაზარი მანიფესტაციებითა და დემონსტრაციებით, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობის ზოგად ფარგლებში და შეძლებისდაგვარად გაუმჯებესებული საბჭოთა კანონებით შესაძლებელი გახდა ეროვნულ მოძრაობას დამორჩილებული და ეროვნული მოძრაობის მიზნების განმახორციელებელი ინსტრუმენტის, ინსტიტუციის და ამავე დროს საბჭოთა კანონებითაც აღიარებული ორგანოს - უზენაესი საბჭოს ჩამოყალიბება არჩევნების გზით.

ამდენად - ლეგიტიმური უზენაესი საბჭო ეროვნული მოძრაობის ორგანო იყო და ასრულებდა ეროვნული მოძრაობის მიზნებს. ამ მიზნებს კი უშუალოდ და პრაქტიკულად საქართველოს ამ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში ახორციელებდნენ ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების („წმინდა ილია მართლის საზოგადოების", „ჰელსინკის კავშირის" და სხვა ასეთების) წამომადგენლები უზენაეს საბჭოში - უზენაესი საბჭოს დეპუტატები. მაგრამ, რამდენადაც ეროვნული მოძრაობის დიდი თუ პატარა ლიდერების უმეტესობა უზენაესი საბჭოს დეპუტატები და უზენაესი საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები გახდნენ - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ჩათვლით - იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს უზენაესი საბჭო გადაიქცა ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელად. სინამდვილეში და პრაქტიკულად კი სრულიად საპირისპირო იყო - უზენაესი საბჭო იყო და დარჩა კიდეც ეროვნული მოძრაობის მთავარი იმდროინდელი მიზნების შემსრულებელ ინსტიტუციად.

ეროვნული მოძრაობის გავლენისა და კონტროლის ქვეშ მყოფმა უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით შეძლო ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარება და მოგება; ხოლო შემდგომ -- ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია - საქართველო ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამითი უზენაესმა საბჭომ სავსებით და სრულად შეასრულა ეროვნული მოძრაობის მიზანი-დაკვეთა ამ ეტაპისათვის - უმცირესი სისხლით (სისხლი დაიღვარა 9 აპრილსა და შემდგომ სამაჩაბლოში) მოიპოვა დე-იურე დამოუკიდებლობა. ეს ფაქტები გასახსენებელია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ეროვნული ხელისუფლებდა დიდ წილად კანონიერი იყო თვით საბჭოთა კანონების თვალსაზრისითაც კი!

მას შემდეგ, შემდგომ ეტაპზე, იმისათვის, რომ განხორციელებულიყო ეროვნული მოძრაობის შემდგომი მიზანი - საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის გადაქცევა დე-ფაქტო დამოუკიდებლობად -- ეროვნულ მოძრაობას (და არა ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციას უზენაესი საბჭოს სახით) დასჭირდა სრული ზომით დაპატრონებოდა სახელმწიფოს ფაქტობრივ მართვას ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას -- უკვე ფრიად გართულებულ პირობებში. ამისათვის ჩატარდა ჯერ პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო ამის შემდგომ -- არსებითად და პრინციპულად შეიცვალა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა -- მთავრობის ფორმალური მეთაური გახდა პრეზიდენტი (მანამდე, ჯერ კიდევ საბჭოთა კანონების შესაბამისად მთავრობის მეთაური იყო მინისრტთა საბჭოს თავმჯდომარე), ხოლო მინისტრთა საბჭოს მაგივრად შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი და დაარსდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა - რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ემორჩილებოდნენ მთავრობის მეთაურს ანუ პრეზიდენტს. ამით ეროვნული ხელისუფლება ცალსახად დაეპატრონა სახელმწიფო ეკონომიკურსა და სოციალურ რესურსებს და მყარი სოციალურ-ეკონომიკური საფუძველი შეიქმნა საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღსადგენად. სწორედ ეს გახდა სიგუა-კიტოვანის განდგომისა და პუტჩისტებად გადაქცევის საბაბი.

ეროვნული მოძრაობის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გავლენის გასაძლიერებლად პრემიერ მინისტრად ეროვნულმა მოძრაობამ წარადგინა „წმინდა ილია მართლის საზოგადოების" გამგეობის წევრი - თქვენი მონა მორჩილი. აღმასრულებელი ხელისუფლების ორივე საკვანძო თანამდებობაზე -- პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა -- ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების წარმომადგენლების დაფუძნებამ მთელი აღმასრულებელი ხელუსუფლება მტკიცედ გადააქცია ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციად (უზენაეს საბჭოსთან ერთად) - ინსტრუმენტად. შესაძლებელი გახდა ეროვნული ინტერესების დამცველი კანონების რეალურად აღსრულების შესაძლებლობა და შეიქმნა ამისი მატერიალური გარანტია.

თუ რატომ გახდა მაინც და მაინც ეროვნული მოძრაობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დამორჩილება პუტჩის ერთ-ერთი უშუალო საბაბი ახლა ალბათ ყველსათვის გასაგებია (მაშინ ეს ძალზე ბევრისათვის ფრიად ბუნდოვანი იყო) -- ახლა ყველამ იცის, რომ პარლამენტები კი არ მართავენ უშუალოდ ქვეყნებს არამედ მთავრობები მართავენ (პარლამენტების მიღებული კანონებით).

ამას დავამატებთ მხოლოდ იმას, რომ პუტჩისშემდგომ პერიოდში (მას შემდეგ რაც პრეზიდენტი, პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი იძულებულნი გახდნენ დროებით ემიგრაციაში გასილიყვნენ) - წინააღმდეგობის უპრეცენდენტო მასშტაბების თავგანწირულ და გმირულ მოძრაობას თბილისსა და რეგიონებში კვლავ და ცალსახად ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ და უშუალოდ ახორციელებდნენ და არა ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების ორგანოები (პარლამენტი ან მთავრობა).

სწორედ ეს იყო მთავარი და ეს წარმოადგენდა ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ძალას. სწორედ ამიტომ იყო ხუნტისათვის წინააღმდეგობის მოძრაობასთან ბრძოლა ასეთი რთული და უშედეგო. გარკვეული ბუნდოვანება ამ საკითხში ზოგჯერ იმას შექვს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია იმავდროულად რესპუბლიკის პრეზიდენტიც იყო და ბევრი განწყობილი იყო მხედველობაში ყოველთვის ჰყოლოდა პრეზიდენტი გამსახურდია და არა ეროვნული მოძრაობის ლიდერი გამსახურდია (იმ დროს ქართული პოლიტიკური აზროვნება ფრიად მარტივი და გულუბყვილო იყო).

ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავსძინოთ, რომ ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა პირველ რიგში და საფუძველში გულისხმობს მის აღდგენას როგორც ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციისას, ინსტრუმენტისას და არა რაღაც განყენებული აბსტრაქციისას (თუმცა ჩვენს მტრებს სწორედ ასე აწყობთ). დავსძენთ, რომ ლეგიტიმურობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს ეროვნული მოძრაობის, ზოგადად ქართველი ერის მიზნების განმახორციელებელი ხელისუფლების აღდგენას. ლეგიტიმურობა და კანონიერება ჩვენი თვალსაზრისით და ჩვენი სიმათლით ეროვნულობაზეა აგებული და არა დასავლეთის მიერ შემონერგილ რაღაც ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალურ აბსტრაქტულობებზე - მათ რომ აწყობთ ისეთებზე.

ამდენად მთელი ამ ჩვენი მსჯელობების მიზანია დავასაბუთოთ და განვმარტოთ, რომ პირველადია ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, -- ხოლო ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები - პარლამენტი იქნება ეს თუ მთავრობა კი მეორეულია, დაქვემდებარებულია, ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. და თუ ეს ასეა,  მაშინ, ეროვნული ხელისუფლებისა და ზოგადად ჩვენი კანონიერებისა და ჩვენი სამართალ-სიმართლის აღდგენა შეუძლებელია მთლიანად ეროვნული მოძრაობის, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ხელახალი და მძლავრი აღმავლობისა და მომძლავრების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდია არასოდეს არ უწოდებდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებს და არც ცდილობდა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები გადაექცია დასავლური ტიპის პოლიტიკურ პარტიებად. ეს შეხსენება აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ახლა საქართველოში ინერგება იზრი, რომ შესაძლებელია დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიულობის საფუძველზე აგებული ორგანიზაციებით ლეგიტიმურობისა და ზოგადად კანონიერების აღდგენა. ყველაფერ აქედან გამომდინარეოს ის დასკვნა, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ლეგიტიმური იყო და არის პირველ რიგში როგორც ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამავე დროს, მეორე რიგში - როგორც კანონიერი ხელისუფლება. საქართველოში მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება შეიძლება იყოს კანონიერი, ლეგიტიმური და ვერავითარი ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალური ხელისუფლება ლეგიტიმური ვერ იქნება და ქართველი ერის ინტერესებს ვერ ემსახურება.

ბოლოს უნდა დავამატოთ ორიოდ სიტყვას ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების სტრუქტურა-მოწყობის შესახებ. მთელმა წარსულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ უძლეველია არაცენტრალიზებული, მრავალგვაროვანი, მრავალსახოვანი, მრავალწახნაგოვანი -- მაგრამ, კოორდინებადი და კოორდინირებული ეროვნული ორგანიზაციების ერთობლიობა -- და ეს საკითხი საგანგებო, ძალზე სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

ვერავინ უარყოფს იმ საყოველთაოდ ცნობილ ფაქრტს, რომ თავის დროზე არსებითად იატაკქვეშა მდგომარეობაში მყოფმა არაფორმალურმა ეროვნულმა ორგანიზაციებმა (ანუ ორგანიზაციებმა, რომლებიც არ იყვნენ და ვერც იქნებოდნენ ოფიციალურად სახელმწიფო დონეზე რეგისტრირებულნი) მეტი შესძლეს - ვიდრე, შემდგომი პერიოდის გაფომალურებულმა ორგანიზაციებმა. ამაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო...

ბესარიონ გუგუშვილი

კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2009-08-10)
ნანახია: 1196 | ტეგები: კანონიერება, ლეგიტიმურობა, ხელისუფლება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები