სექციის კატეგორიები

კატეხიზმო [10]
პრინციპული საკითხებისა და პრობლემების განმარტება
აპოლოგეტიკა [3]
თვალთახედვა [11]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » თეორია და პრაქტიკა » კატეხიზმო

ეროვნული ხელისუფლება და აფხაზეთი

აფხაზეთის საკითხი და ეროვნული ხელისუფლება

კრემლის მიერ ასევე ხდებოდა აფხაზი სეპარატისტების წაქეზება და მდგომარეობის დაძაბვა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში "აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ” ვკითხულობთ:

”აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს.

... მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად, არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადგენს:

  1.  წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს:
    აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;
    აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75-ე მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა წ.წ. 15 მარტამდე.

  2. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს, ამ დადგენილების პირველი მუხლის შეუსრულებლობა გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას”

(1991 წლის 25 თებერვალი).

 

არსებული დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ისახავდა მიზნად ზვიად გამსახურდიას "მიმართვა აფხაზი ხალხისადმი”:

”ძვირფასო თანამემამულენო!

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება... ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ურთიერთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით... ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა. მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს... მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერც განახორციელებდა მხოლოდ რეპრესიებითა და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი-"გათიშე და იბატონე” და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად... დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვებობით, რაც, მისი გეგმით, დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში.

...მოგიწოდებთ: ნუ აჰყვებით პროკომუნისტებს-ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებსა და პროვოკატორებს. ბოიკოტი გამოუცხადეთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანი არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობასა და დამოუკიდებლობას!

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!”

(1991 წლის 12 მარტი)

 

სამწუხაროდ, კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები აფხაზეთში აგრძელებდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. აი, რას წერდა ზვიად გამსახურდია ვლადისლავ არძინბას:

  • ”საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება, ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს...

  • ...თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ, და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულვებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვა და სხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

  • თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...

  • ...ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, მონაწილეობა მიიღეთ მის მუშაობაში, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით”

(1991 წლის 29 მარტი).

მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუნსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება-მიღებულ იქნა საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული კვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი, მათ შორის-28 აფხაზი ეროვნებისა, 26-ქართველი და 11-სხვა დანარჩენი ეროვნების დეპუტატი. მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე-ქართველი და რაც მთავარია, აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით, რომლის მოსაგროვებლად (44 ხმა) აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი. ასე უსისხლოდ და სხვა მძაფრი დაპირისპირების განვითარების გარეშე მოხერხდა აფხაზური პრობლემის მოგვარება.

კატეგორია: კატეხიზმო | დაამატა: მოურავი (2010-03-12)
ნანახია: 1259 | ტეგები: აფხაზეთი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები