სექციის კატეგორიები

განცხადებები [4]
მიმართვები [1]
დადგენილებები [2]
ბრძანებულებები [1]
ინფორმაცია [9]

შესვლის ფორმა

ქართ. კლავიატურა ან #
სახელი:
პაროლი:

გამოკითხვა

ლეგიტიმური მთავრობისა და ხელისუფლების აღდგენა
ჯამი: 181

სტატისტიკა

სექციის კატეგორიები

იხილეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა ვებ რესურსები:

საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის გვერდი Facebook-ზე

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“

ვიდეო დოკუმენტური საითი „სიმართლე“ (ასლი)

საითი „შავლეგო“

პუბლიკაციები

მთავარი » სტატიები » ოფიციალური მასალა » განცხადებები

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების“ განცხადება 25 დეკემბერი 2013 წელი
აგერ უკვე ოცდაორი წელია კვლავ რთული და მძიმე პერიოდია საქართველოში.

ოცდაორი წელია არ შემწყდარა ეროვნულ–სარწმუნოებრივი მსოფლმხედველობით ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ბრძოლა სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენის რთულ სამართლიან გზაზე.

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა, საზოგადოების პოლიტიკური ინტრიგებით მეტისმეტად გატაცებამ, მერკანტილური ინტერესების ასრულების დაუოკებელმა ჟინმა ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე დააყენა.

სამწუხაროდ, დღესაც, საქართველოში მძვინვარებს არაადამიანური, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტი სარწმუნოებრივი, ანტისახელმწიფოებრივი მარიონეტი და მოძალადე რეჟიმი, რომელიც აგერ უკვე ბოლო ოცდაორი წელია დემოკრატიის ნიღბით, არამარტო საკუთარ ხალხის, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და ცდილობს კვლავაც.

„დემოკრატიული არჩევნების" ფასადებით შელამაზებითა და ცრუ „ოცნების" გზით პუტჩი დღესაც კვლავ გრძელდება საქართველოში.

საერთო-სახალხო გამოფხიზლებისაკენ ქმედების დროა!

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების ერთადერთი გზაა სახელმწიფოს სამართლებრივ, ლეგიტიმურ რელსებზე დაბრუნება და უზენაესი კანონიერების აღდგენა საქართველოში.

ჭეშმარიტად დროა ბევრად მტკიცედ ვიცავდეთ ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნულ–სარწმუნოებრივი მოძრაობის  პრინციპებს!

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება" საქართველოს რესპუბლიკის დევნილ, ემიგრაციულ  მთავრობასთან და საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პარტიათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს" კიდევ ერთ, ძირითად და დამფუძნებელ ორგანიზაციასთან – „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებასთან", ასევე, სხვა ეროვნულ-სარწმუნოებრივი და სამართლებრივი სახელმწიფოებრივი ნიშნის მქონე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად  კვლავაც მზადაა კანონიერების სამართლებრივი აღდგენის პრინციპებით სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლის გასაგრძელებლად.

და თუ ამ ბრძოლაში კიდევ სხვა ნებისმიერი, ეროვნულ–სარწმუნოებრივი ძალა ჩაერთვება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ.    

კვლავაც, ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილ რთულ და საფრთხის შემცველ ვითარებას, ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის გრძნობით მივმართავთ სრულიად საქართველოს:    

ჩვენ ვგმობთ ძალადობაზე,  შიშზე, არა სამართლიანობაზე, უკანონობასა და ტყუილზე დაფუძნებული, დღემდე არსებული, ყველა უკანონო ხელისუფლების „მოღვაწეობას" და მოგიწოდებთ, ყველამ უნდობლობა და დაუმორჩილებლობა გამოვუცხადოთ ვითომ დემოკრატიულად და ვითომ არჩევნების გზით მათი ძალაუფლების მორიგ გახანგრძლივებას, როგორც დამნაშავე, უზნეო მმართველობის რეჟიმის მემკვიდრეთა და არსებულ საყრდენს.

სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა და მომავალი ხელისუფლების სამართლიანი, ლეგიტიმური გზით არჩევა, „ამისტებად" და „იმისტებად" დაყოფილი საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გამთლიანება და რეალური ეროვნული თანხმობის მიღწევის შესაძლებლობაა. ამასთან, ეს გზა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, ქვეყნის საბოლოო, საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანობისა და გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება და კვლავაც ომახიანად, ხმამაღლა, ისმის ჩვენი ჭეშმარიტად მამულიშვილური სიტყვა:

„აი. მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, დანო და ძმანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ:

ქართველო ერო, შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა კვლავ მივიდა გზა გასაყართან.

შენს წინაშე არის ორი გზა,  აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდისა, ზნეობისა. აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და, აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა!

აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებულ იყოს უკუნისამდე.

ჩვენ, ძმანო და დანო, ვდგევართ პირისპირ სატანასთან, გველეშაპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარულ მხეცი, ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგა და გვეუბნება: აი, ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება."

კურთხეულ იყოს და გაუმარჯოს ილია მართლის გზას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გზას!

ჩვენ, საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე და კანონიერი ხელისუფლების ინსტიტუციები და წარმომადგენლები, კვლავაც ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებასა და მხარდაჭერას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის მიმართ!

მოვუწოდებთ, უცხოეთში და საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მამულიშვილებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს და სხვა ერების ღირსეულ შვილებს,  ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის გზით, მტკიცედ დაადგნენ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების  სამართლებრივ გზას საქართველოში.

სამართლებრივი და კანონიერი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ დაფუძნებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კონსტიტუციურად პირველი ეტაპის მთავარი მიზანი იყო, ორგანულად უკავშირდებოდა, შემდგომ პერიოდში, შემდგომი ეტაპის - ეროვნულ-სარწმუნოებრივი ცნობიერებით, მსოფლმხედველობითა და იდეოლოგიით დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ  სწრაფვას, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ხასიათის სახელმწიფოდ გარდაქმნა-ჩამოყალიბებას.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე საქართველოში სამართალმემკვიდრეობის, კანონიერების, სამართლებრივი და კანონიერი ყველა სახის არჩევნების დანიშვნითა და ჩატარების გზით ეროვნული ხელისუფლების აღდგენის საქმეში.

დღესაც, კვლავ ამაყად ვაცხადებთ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება" (შემოკლებით  „საქართველოს ჰელსინკის კავშირი"), დღესაც არის თანამოაზრეთა პოლიტიკური გაერთიანება, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოში 1976 წელს მერაბ კოსტავასთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ჩამოყალიბებული  „ჰელსინკის ჯგუფის", შემდგომ „საქართველოს ჰელსინკის კავშირისა" და მოგვიანებით მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანიზაციის სამართალმემკვიდრე, საქმიანობისა და ტრადიციების გამგრძელებელი.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინებას" დღემდე არ შეუწყვეტია არსებობა და ბრძოლა სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენისათვის, რასაც დღემდე არსებული ყველა ფაქტობრივი, ძალაუფლების მქონე საქართველოს მთავრობები აღიარებენ და რაც მთავარია, იგი აღიარებულია და ამ ბრძოლაში მას ყოველთვის გვერდით ედგა კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლობა - დევნილი, ემიგრაციული მთავრობის  სახით.

ჩვენ კი, კვლავ მტკიცედ ვაცხადებთ და ვადასტურებთ, რომ დღეისათვის ემიგრაციულ მთავრობას, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის    სახელმწიფო მეთაური და საქართველოს რესპუბლიკის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს რესპუბლიკის    პრემიერ მინისტრი, დევნილი, ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე - ბატონი ბესარიონ გუგუშვილი.

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის მიერ მზადდება და ყალიბდება  დევნილი (ემიგრაციული) მთავრობის შემადგენლობის განახლება და აღორძინება. ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარის დავალებითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში არსებული წარმომადგენლობის შერჩევის წესისა და წევრთა განსაზღვრის საქმიანობაში, ასევე, მათი სტატუსის, შესაბამისი ფუნქციებისა და აუცილებელი დოკუმენტაციების შემუშავება-შედგენაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებაც", რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ამ მიმართულებით.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება", ასევე, ყოველთვის მზადაა, „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებასთან" ერთად, შემდგომი წარმატებული მოლაპარაკებებისათვის ყველა ეროვნულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა გაერთიანება - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" რეკონსტრუქციისა და მისი მუშაობის განახლებისათვის, რისთვისაც მას შემუშავებული აქვს გაერთიანების რეკონსტრუქციისათვის შესაძლო ყველა სქემა და სტრუქტურა.

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება", ასევე, მიიჩნევს, რომ:

ა) დღის წესრიგში საკითხად დადგეს 1991-1993 წლების სახელმწიფო-სამხედრო გადატრიალებისა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების სრული და ობიექტური გამოძიების, მისი იურიდიულ-სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების შესახებ.

ბ) საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის, აუცილებელია გადაჭრას უპირველესი პრობლემა – უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციის, კანონიერების, სამართალმემკვიდრეობისა და ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი. რამეთუ ლეგიტიმური წყვეტის აღდგენის აუცილებელი ნიშანია არა მხოლოდ კანონიერი არჩევნების დანიშვნა, არამედ – ლეგიტიმური სამართლებრივი ბაზის ამოქმედება საქართველოს გადასარჩენად და, რომ, საქართველოში, ლეგიტიმური ხელისუფლება შეიძლება, იყოს მხოლოდ კანონიერი, ეროვნული ხელისუფლება და არა – ამა თუ იმ დამპ¬ყრობლის მიერ დასმული რომელიმე მარიონეტული ორგანო;

გ) როგორც წესი, არჩევნების კანონიერებას განსაზღვრავს მისი პერიოდულობა,  დანიშვნისა და ჩატარების პროცესი: კანონიერი არჩევნები ინიშნება და ტარდება ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ. კანონიერი ხელისუფლება აგრეთვე ამტკიცებს სათანადო საარჩევნო კანონს და ხელმძღვანელობს არჩევნების პროცესს. მხოლოდ ამგვარი გზით ხდება მომდევნო ხელისუფლება კანონიერი და წინა ხელისუფლების  სამართალმემკვიდრე. ამავე დროს, თუკი არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და საყოველთაოდ, მაღალი იქნება მისი ლეგიტიმურობის ხარისხიც;    

დ) „საქართველოს ჰელსინკის კავშირი", როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი კანონიერი ინსტიტუცია, მზადაა იყოს ამ პროცესების წარმმართავი ძალა, აიღოს ინიციატივა და ემიგრაციულ კანონიერ მთავრობასთან კოორდინაციაში მყოფმა, შესაბამისი დროისა და სიტუაციის პირობებში, ემიგრაციულ მთავრობასთან შეთანხმებით, დაიწყოს  მოლაპარაკებები ფაქტობრივ სახელმწიფოებრივ მთავრობასთან, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, არასამთავრობო, თუ საერთაშორისო  შესაბამის ორგანიზაციებთან, საქართველოში სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის, კანონიერებისა და სახელმწიფოებრივი ლეგიტიმურობის აღდგენისათვის.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენა, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, სახალხო მოთხოვნით საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური დევნილი, ემიგრაციული მთავრობის მიერ სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზისა  და მის საფუძველზე ქვეყანაში განხორციელებული კანონიერი საკონსტიტუციო  წესრიგის აღდგენას;

ე) მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობამ მოამზადოს და წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრს,  როგორც ქვეყნის პირველ პირს, დასამტკიცებლად 1991-93 წლების სახელმწიფო–სამხედრო  გადატრიალებისა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების იურიდიულ–სამართლებრივი  და პოლიტიკური შეფასების შესახებ, საკანონმდებლო დონეზე შესრულებული დადგენილების პროექტი;

ვ) საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობისა და ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ მომზადდეს ეროვნულ–სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე დაფუძნებული და სახელმწიფოებრივ–სამართლებრივი ძირითადი საკანონმდებლო ბაზა;

ზ) ასევე, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციისათვის უნდა შემუშავდეს და მომზადდეს:  სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენის სამართლებრივი მეთოდიკა, მექანიზმები და უზენაეს სამართლებრივ ბაზაზე დაფუძნებული ახალი ეროვნული კონსტიტუცია.

თ) სანამ არსებობს ხუნტის სამართალმემკვიდრე, არაკანონიერი ფაქტობრივი ხელისუფლება და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობისა და ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა გაერთიანება „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს" დამფუძნებელმა და ძირითადმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა უკანონობისა და არალეგიტიმურობის წინააღმდეგ. სასურველია, შეძლებისდაგვარად, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობამ – ემიგრაციულმა მთავრობამ, საზღვარგარეთ, მოღვაწეობისათვის, შექმნას თანამედროვე, აქტიურად მოქმედი „ახალი ლევილის" ტიპის სამთავრობო, საემიგრაციო მოღვაწეობის ფუძე–სამყოფელი, საიდანაც განახორციელებს თავის სავალდებულო საქმიანობას, ხოლო საქართველოში მისი წარმომადგენლობა იმოქმედებს შესაბამისად, მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით.


„საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების" თავმჯდომარე   
ნოდარ კიკნაძე

25 დეკემბერი 2013 წელი
კატეგორია: განცხადებები | დაამატა: მოურავი (2014-02-07)
ნანახია: 1394 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
© საქართველოს რესპუბლიკა 2024
გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები